saqarTvelos qvabulebi - TuSeTis qvabuli
მთათაშორისი მაღალმთიანი ქვაბული, რომელიც გარშემოზღუდულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფით, პირიქითის, აწუნთისა და შუნ-გალავანის ქედებით. საერთო ჯამში ქვაბულის მორფოლოგია თანხვდება თრუსოს ხეობას, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განირჩევა უფრო რთული ოროგრაფიული გეგმით.
თუშეთის ქვაბული ორ გასწვრივ ხეობად იყოფა, რომელთა ღერძებიც ჩრდილო-დასავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. ჩრდილო ხეობას, რომელშიც მდინარე პირიქითი ალაზანი გაედინება - პირიქითის ხეობა ეწოდება, ხოლო სამხრულს - გომეწრის ხეობა, სადაც მდინარე თუშეთის ალაზანი გაედინება. თუშეთის ქვაბული ირწყვის მდინარე ანდის ყოისუთი. პირიქითისა და გომეწრის ხეობებს ყოფს გასწვრივი ქედი - მაკრატელა.
თუშეთის ქვაბული აგებულია იურული თიხაფიქლებით. სოფელ დართლოს მახლობლად გვხვდება ტრავერტინის მძლავრი დანაგროვები. მდინარეების პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის შესართავთან. შემონახულია რელიქტური ეროზიული ვაკეები, სადაც გაშენებულია სოფლები: შენაქო, ომალო და დიკლო. ეს ვაკეები ზღვის დონიდან 2200 მ ანუ მდინარეთა ხეობების ფსკერიდან 150-200 მ სიმაღლეზე მდებარეობენ. მათი წარმოქმნა დაკავშირებული უნდა იყოს მდინარე ანდის ყოისუს ტექტონიკურ შეგუბებასთან.